მოძრაობა „სირცხვილია” აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების ფაქტს ეხმიანება.
მოძრაობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებები კანონსა და სამართალს ორმაგი სტანდარტით ეპყრობიან. ერთი და იმავე ქმედებისთვის მთავრობასთან დაახლოებული პირები პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ, ხოლო რიგითი მოქალაქეები უმკაცრესად ისჯებიან.
„ამის ნათელ მაგალითად გამოდგებიან ის მოძალადე ძალოვნები, რომლებიც მოქალაქეების დასახიჩრების, უკანონო დაკავებებისა და სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის მიუხედავად, მაინც დაუსჯელი რჩებიან. გვახსოვს შემთხვევებიც, როცა “ქართული ოცნების” სასამართლოს მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის გირაო შეუფარდებია”. – ამბობენ მოძრაობაში.
მათი თქმით, ამის გათვალისწინებით, ორი აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ცალსახად უსამართლო და შეუსაბამო სასჯელია.
„სოლიდარობა აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას” – ვკითხულობთ განცხადებაში.