CDC: აშშ-ში სრულად აცრილ ადამიანებს უმეტეს ადგილას შეუძლიათ პირბადე მოიხსნან

პუბლიკა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ხუთშაბათს განაცხადა, რომ სრულად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ უმეტეს ღია თუ დახურულ სივრცეში პირბადე მოიხსნან.

CDC-ის განცხადებით, ბევრ ადგილას სრულად აცრილ ადამიანებს ასევე არ დასჭირდებათ ფიზიკური დისტანცირება. ცენტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უფრო მეტ ამერიკელს გაუჩენს მოტივაციას, რომ აიცრან.

„დიდი ამბები გვაქვს CDC-დან: თუ სრულად ხართ აცრილი, პირბადის ტარება ღია თუ დახურულ სივრცეში უმეტეს ადგილზე არ დაგჭირდება“, – წერს თეთრი სახლი Twitter-ზე და აქვეყნებს ფოტოს წარწერით: სრულად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ აღარ ატარონ პირბადე.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბოლო კვირებში შეგროვებული მონაცემების მიხედვით მიიღეს, რომელის მიხედვითაც, ვაქცინა ვირუსის ახალ ვარიანტებსაც უმკლავდება და აცრილებიც ვირუსის ნაკლებად გადამტანები არიან.

თუმცა CDC აცხადებს, რომ ადამიანებმა ნიღბები უნდა ატარონ იქ, სადაც ამას ფედერალური თუ ადგილობრივი კანონები ითვალისწინებს, მათ შორის ადგილობრივი ბიზნესისა თუ სამუშაო შინაგანაწესი.