„ცდილობდნენ ბრიყვულად ვაჭრობას. ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდათ" - ბოკერია უფლებამოსილების შეწყვეტაზე

პუბლიკა

„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ”, – პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პასუხობს.

ბოკერიას თქმით, სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ბოკერიას შეფასებით, თალაკვაძეს ეს ბრიყვული ვაჭრობა არ გაუვიდოდა არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანთან და პოლიტიკოსთან.

„სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი”, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას წერილობით კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


„დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ თავის გადაწყვეტილებებს.