ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარას და შსს-ს მოუწოდებს, დროულად აღკვეთოს ის.
ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება. ის აცხადებს, რომ ამის შემდეგ მუქარის შეტყობინებებს იღებს.
„14 მარტს, მარნეულში, ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – ,,კონსრვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ არაძალადობრივი აქტით – ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამით მან კრემლის იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიის საქართველოში ფუნქციონირების წინააღმდეგ საკუთარი დამოკიდებულება წარმოაჩინა.
მის მიერ გამოხატულ პროტესტს ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში ვიდეო მიმართვა ჩაწერეს, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით მუქარას შეიცავს. ვიდეო მიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას, რელიგიური სიმბოლოს – ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია…
საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:
► გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;
► გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;
► დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები”, – ნათქვამია განცხადებაში.
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.