„კონსტიტუციასა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილება არსებობდა, ეს ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ საკითხი არ დავძარით, რადგან აქამდე ამის პრაქტიკული საჭიროება არ იკვეთებოდა – საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, სპეკულაციები მოჰყვებოდა”, – აღნიშნული განმარტება უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე „ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციირება იმავე დღეს მოხდა, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს აპირებდა.
როგორც ის ამბობს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.
„აღნიშნული ცდომილება ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ კონკრეტული ინიციატივა ამ დრომდე იმის გამო არ დაგვიინიცირებია, რომ შეიძლება სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.
ახლა, როდესაც სახეზე გვაქვს, რომ პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განიხილოს და დაადგინოს, რამდენად უფლებამოსილია პრეზიდენტი, საკუთარი ქმედებით ამ პირების დანიშვნა არ განახორციელოს თუ ეს არის მთავრობის კომპეტენცია. ჩვენი აზრით, ეს მთავრობის კომპეტენციაა, ხოლო პრეზიდენტის თანხმობა ფორმალური ხასიათისაა.
იმისთვის, რომ ეს პროცედურები სრულფასოვნად იყოს უზრუნველყოფილი, რაკი კონკრეტული საჭიროება დადგა, რის შესახებაც ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამის რეალური საჭიროება არ არსებობდა, ორგანულ კანონში ცვლილებები შევიტანეთ, რითაც კანონი კონსტიტუციის მუხლთან სრულ შესაბამისობაში მოვა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.