ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდალთან შეიარაღებული დაპირისპირებისას სამი პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა. ამ საქმეზე თავად ზურაბ ზვიადაური დააკავეს. შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმის მკვლელს ესროლა.