სასამართლომ ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა 

პუბლიკა

მოსამართლემ, ნანა აფციაურმა, ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დადგენილება, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილების მიხედვით კი,  არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ასევე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაჰყვება გადასატან ყუთს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ ყოფილა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.

ამასთან, მათივე განცხადებით, წილისყრა არჩევნების დღემდე, სულ მცირე, 7 დღით ადრე საფრთხეს შეუქმნის გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას, ასევე, შესაძლოა, მოხდეს კომისიის ცალკეული წევრების დაშინება და ზეწოლა.

გიორგი სიორიძემ, რომელიც წარმოადგენს კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის” და რომელმაც მიმართა სასამართლოს, აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

„დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, ისევე, როგორც ცესკო, ემსახურება „ქართული ოცნების” ინტერესებს. მიუხედავად იმისა, თუ რა წინაღობებს შექმნის მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში, ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი არის ევროინტეგრაცია”. – განაცხადა გიორგი სიორიძემ.