ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების დეტალებს იხსენებს და სპრეცრაზმის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ქაცარავას თქმით, სპეცრაზმელმა ჯერ ჰკითხა, რატომ დადიოდა საოკუპაციო ხაზზე, შემდეგ კი შეაგინა და სცემა. როგორც ის ამბობს, მას ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ.
დავით ქაცარავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ – რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა.
დარტყმა, გინება, მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს.
სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.
მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.
ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა.
ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.
კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.
მთავარი მოქმედება კი მეორე, დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.
ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში. ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.
მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა. შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.
ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი – მოკალი ამის დედას შევეცი! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა – მგუდავდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ. უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.
მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.
ჯალათებო და ამ ეგზეკუციის დამკვეთებო! მადლობას გიხდით იცით რისთვის?
კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!
ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის,აღმაშენებლის,300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!
ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ, ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე! ჩვენია გამარჯვება! ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს დავით ქაცარავა.
დავით ქაცარავა 14 მაისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის არ არის ნაცემი. როგორც ქაცარავამ მოგვიანებით თქვა, სპეცრაზმელები მას სასტიკად დაკავების შემდეგ მანქანაში გაუსწორდნენ. ქაცარავა იმ დღესვე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.