CENN აცხადებს, რომ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრირდება

პუბლიკა

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს, რომ მიიღეს „მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისთვის საჭირო გადაწყვეტილება” და რუსული კანონის რეესტრში რეგისტრირდებიან.

CENN-ის განცხადებით, ისინი „სრულად ემიჯნებიან“ კანონს და მის მოთხოვნებს, თუმცა, მათივე თქმით, „ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა”.

„CENN ეწინააღმდეგება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობების მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, დემოკრატიის პრინციპების სრული დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.

CENN-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი საჯარო განცხადებებში, რომ აღნიშნული კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და იწვევს სამოქალაქო და მედიასექტორების სტიგმატიზაციას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

აღნიშნული კანონი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებიდან მოდის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, დაეკისრება ფინანსური ჯარიმები, რის პარალელურადაც, იუსტიციის სამინისტრო მას ავტომატურად დაარეგისტრირებს.

CENN, თავისი ხედვებით, ღირებულებებითა და საქმიანობით, სრულიად ემიჯნება ზემოთ აღნიშნულ კანონსა და მის მოთხოვნებს. თუმცა, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ორგანიზაციას და ზოგადად სექტორს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და საზოგადოებისათვის იმ სიკეთეების მოტანაში, რასაც უკვე 25 წელზე მეტია, კანონის სრული დაცვითა და ქართული საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.

სწორედ ამიტომ, CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში.

ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და გვწამს, რომ გაერთიანებული ძალებით, ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია – ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.

4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე ჰქონდათ.

დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით;

დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით;

თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესებზე, სადაც 29-31 აგვისტოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელები განიხილეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით დევიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა გავიდოდა, ანუ 2 სექტემბრის შემდეგ, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რუსული კანონის რეესტრში, მიიღებენ შეტყობინებას მონიტორინგის დაწყების შესახებ.

ეს გულისხმობს, რომ ორგანიზაციამ რეესტრს უნდა მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუმცა, თუ ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს, რეესტრი მის მოპოვებას თავად ეცდება – პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, ვრცელდება თუ არა რუსული კანონი ამა თუ იმ ააიპ-ზე – უნდა გაირკვეს მათი შემოსავლების ოდენობა, წყაროები და სხვა.

დავით დევიძის თქმით, ჯამში ამ ყველაფერს შესაძლოა დასჭირდეს დრო 3-დან 90 დღემდე.