ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა.
ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 130 000 ადამიანით დასახლებულ ქალაქ ოპოლეშიც, ასევე, ვროცლავში, სადაც 640 000-მდე მცხოვრებია. პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა საგანგებო სამთავრობო სხდომა მოიწვია, რათა ფინანსური ზომების შესახებ იმსჯელონ და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.
ჩეხეთში 7 ადამიანის ადგილსამყოფელს პოლიცია ამ დრომდე ვერ ადგენს. რაც შეეხება რუმინეთს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი.