ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომდევნო დასკვნას აქვეყნებს.
„ემპათია“ აღნიშნავს, რომ დასკვნა მომზადებულია შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში.
„პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და აღენიშნება ვერნიკეს ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს; პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა, რაც ასევე მოიცავს შერეულ შფოთვით – დეპრესიულ ეპიზოდებს; რეფლუქს ეზოფაგიტი; მწვანე გასტრიტი, დუოდენიტი; სიმპტომური ანორექსია, მადის დაკარგვა და წონის დაკარგვა. ამავე დასკვნით, სავარაუდო ინტენსტინალური მალაბსორბაცია საჭიროებს დიაგნოსტიკურ კვლევას, რომელიც არ ჩატარებულა.
„ემპათია“ ვარაუდობს, რომ დიაგნოზები გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთანაა კავშირში.
„შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო – ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას“, – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის ავტორებს საგანგაშოდ მიაჩნიათ ასევე ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო-ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო-ფიზიკური განლევადობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით.
მათი თქმით, ეს მაჩვენებლები და დიაგნოზები მიუთითებს სააკაშვილის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე.
„ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია.
კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეფალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა – დიაგნოსტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა. არასწორად წარმართულმა refeeding პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეპსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი“, – აღნიშნულია დასკვნაში.
„ემპათიის“ რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, დამატებით დიაგნოსტიკას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ გამოკვლევას, მრტ/კტ სკრინინგს, ლაბორატორიულ და ტოქსიკოლოგიურ კვლევებს, ინდივიდუალური მკურნალობის კურსის შედგენას.
ამ ყველაფრის საფუძველზე „ცენტრი ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის დისტრესული სიტუაციებისგან თავისუფალ გარემოში, მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას გასცემს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრის პროგნოზით, მოსალოდნელია კორსაკოვის სინდრომის თანდათანობით ჩამოყალიბება (გზა დემენციისკენ); ცალკეულ ორგანოთა ან პოლიორგანული უკმარისობალ ფსიქო-ფიზიკური განლევადობა და კახექსია; ლეტალური გამოსავალი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები, თანაგუნდელები და სამედიცინო კონსილიუმის წევრები რამდენიმე კვირაა, საუბრობენ.
სახალხო დამცველის ექსპერთა გუნდის 22 აპრილის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).
ექიმთა რეკომენდაციით, ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად – საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ – ცილოვანი შიმშილი – გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.
ოჯახის წევრები მისი გათავისუფლების და სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვით საპროტესტო აქციებსაც მართავს.
ექიმთა მოსაზრებების მიუხედავად სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა უტარდება და რომ ის თავისი მდგომარეობის დამძიმებას თავად ცდილობს საჭმელზე და მედიკამენტებზე უარის თქმით.
ხელისუფლება გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.