„ცენზურად აღვიქვამ“ - კინოცენტრის ჟურნალი 4 თვეა, არ იბეჭდება

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ჟურნალს „კინ-O“ მეოთხე თვეა, არ ბეჭდავს. ახალი ნომრის დასაბეჭდად ტენდერი აქამდე უნდა გამოცხადებულიყო და 2022 წლის ბოლოს უნდა გამოცემულიყო, თუმცა როგორც მთავარი რედაქტორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, დღემდე არ აქვს პასუხი, დაიბეჭდება თუ არა ჟურნალი.

რედაქტორი ამ ფაქტს ცენზურად აღიქვამს და ამბობს, რომ, შესაძლოა, მიზეზი ჟურნალის შინაარსი იყოს, რადგან ბოლო ნომრის მთავარი თემა ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობაა, ამავე ნომერში ორი კრიტიკული წერილიც უნდა გამოქვეყნებულიყო.

„დეკემბრის დასაწყისში უკვე ჩავაბარე ჟურნალი, […] როდესაც კინოცენტრში ერთ-ერთი მისვლისას შევახსენე ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს უნდა დაბეჭდილიყო, მითხრეს, რომ ეს „უბრალოდ წინადადება არის ჩაწერილიო“. ბეჭდვა გადაიდო. ცხადია, წლის დასაწყისშივე ბიუჯეტში გათვლილია ბეჭდვის ხარჯები, რომელიც წესით არსებობდა, მაგრამ რატომღაც ასეთი იყო პასუხი მივიღე – „ასე გვითხრა დირექტორმა, გადავდოთ მომავალი წლისთვისო“. მიზეზი არ უთქვამთ“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

თეო ხატიაშვილმა ჟურნალის გამოცემის ამბავი კინოცენტრში იანვარშიც მოიკითხა, მაშინ უპასუხეს, რომ ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ იყო.

„იმის მიუხედავად, რომ ვთხოვე, ბიუჯეტი როგორც კი დამტკიცდება, შემატყობინეთ-მეთქი, ჩემთვის არ უთქვამთ. მერე შემთხვევით გავიგე, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია. ხელახლა მივმართე, ვუთხარი ერთ კვირაში მაინც გამაგებინეთ პასუხი-მეთქი. პარასკევ საღამოს რომ მივწერე, ისევ ნაცნობი ფრაზა მივიღე – „არაფერი ახალი არ არის, არაფერი არ ვიცით“, – ამბობს ჟურნალის რედაქტორი „პუბლიკასთან“.

თეო ხატიაშვილი „პუბლიკას“ უყვება, რომ კინოცენტრს შესთავაზა, თუ ნომრის დასაბეჭდად თანხა არ გამოიყოფოდა, თავად შეეცდებოდა ფინანსური სახსრების შეგროვებას, რაზეც უარი მიიღო. რადგანაც ჟურნალის წინა ნომრები გამოცემიდან 3 თვეში კინოცენტრის ვებგვერდზეც ქვეყნდებოდა, რედაქტორმა კინოცენტრს ნომრის ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნებაც შესთავაზა, თუმცა თანხმობა ამაზეც ვერ მიიღო.

„საიტზე ატვირთვას რაღა უნდა? მაგას ხომ არაფერი არ სჭირდება? ამიტომ მივდივარ ვერსიამდე, რომ უბრალოდ ამ ნომრის შინაარსი იყო მიუღებელი. თავისთავად ეს თემა – პოლიტიკისა და ხელოვნების ურთიერთობა, როგორც ჩანს, ისედაც არ ესიამოვნებოდა დირექტორს პირველ რიგში… კულტურის სამინისტროს“, – ამბობს ხატიაშვილი.

ხატიაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით ორი კრიტიკული წერილი გამოიწვევდა უკმაყოფილებას.

„ორივე წერილი კინოში მიმდინარე პროცესებზე იყო, მაგრამ თემა, რომელიც ორივე წერილშია განხილული, იყო თუ რა ხდება დღეს კულტურის სფეროში, ან საერთოდ, რა პოლიტიკა არსებობდა ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში; როგორ იყენებენ კინოწარმოებას გარკვეული პროპაგანდირებისთვის. ეს არ იყო მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებაზე, ნახსენები იყო წინა ხელისუფლებაც, მაგრამ, ცხადია, ამჯერად სწორედ ამჟამინდელი ხელისუფლების ხსენება არ ესიამოვნათ ამ კონტექსტში; მათ შორის იყო დავით აღმაშენებელზე ფილმის შეკვეთა; თავისთავად ისტორიული ფილმების მოკლე მიმოხილვა – რომ ყოველთვის კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში ჩნდება ამის აუცილებლობა, რომ [ისტორიულ ფილმებს] აქვს პროპაგანდისტული და იდეოლოგიური კონტექსტი და პირდაპირ დასახელებული იყო კულტურის მინისტრიც, მისი მოადგილეც, რომელიც ითავსებს ამავე დროს კინოცენტრის დირექტორობას“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

თეო ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ კინოცენტრის დირექტორობიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შემდეგ პროექტების შეჩერება, საკონკურსო კომისიის ჟიურის ახსნა-განმარტების გარეშე დათხოვნა კულტურის სამინისტროს ხელწერად იქცა.

„შეიძლება მათი არგუმენტი ჩემთვის მიუღებელი და არადამაჯერებელი იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ პასუხის ღირსადაც არ მიგიჩნევენ. იგივეა ამ ჟურნალის შემთხვევაში“, – ამბობს ხატიაშვილი.

რედაქტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ბიუჯეტის თანხა გაიფლანგა, რადგან თითოეულმა ავტორმა, რედაქციის წევრებმა ჰონორარი მიიღეს, თუმცა ჟურნალი ამ დრომდე არ გამოცემულა.

ჟურნალი „კინ-O“ კინოცენტრის დაფინანსებით 2019 წლიდან წელიწადში ორ ნომერს გამოსცემს. ჟურნალში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რეცენზიები ქართულ და უცხოურ ფილმებზე, ანალიტიკური სტატიები, ასევე კინოს გამორჩეულ თეორეტიკოსთა ტექსტების თარგმანები.

„პუბლიკა“ ამ საკითხზე ცდილობს, კინოცენტრისგან საპასუხო კომენტარის მოპოვებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
განახლება: „რადიო თავისუფლებასთან“კინოცენტრის დირექტორის მოადგილე მაკო ჭილაშვილი უარყოფს, რომ ჟურნალი „კინ-O“ კრიტიკული წერილების გამო არ იბეჭდება. მან აღნიშნა, რომ გამოცემის საბოლოო ბედი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.„ჯერ ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული, შემდეგ რაღაცები შეიცვალა და ამიტომ შეფერხდა. დაიბეჭდება თუ არა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს“, – უთხრა მაკო ჭილაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაბეჭდვის ნაცვლად, მომავალში კინოცენტრის საიტზე ჟურნალის ციფრული ვერსია დაიდოს.