ცენზურის მცდელობა და კიდევ ერთი ღია თავდასხმა დამოუკიდებელ ხელოვანებზე - DOCA წულუკიანზე

პუბლიკა

დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA მარიამ ჭაჭიას ფილმის, „ჯადოსნური მთის“ შესახებ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მინისტრის გამოსვლა, რომელიც საქართველოში მოქმედი რეჟისორების მიმართ მუქარის ტონს შეიცავდა, განსაკუთრებით დამაზიანებელია დოკუმენტურ კინოში შემოქმედებითი თავისუფლების, კრიტიკული აზრისა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებისათვის.

მათი შეფასებით, კულტურის მინისტრის, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გამოსვლა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არის კიდევ ერთი ღია თავდასხმა და ცენზურის მცდელობა დამოუკიდებელ ხელოვანებზე და ემსახურება კინოცენტრის ხელში არსებული ბერკეტების გამოყენებით მათი დასჯის მიზანს.

ასოციაცია ასევე წერს, რა პირობით და როგორ გადაიღო მარამ ჭაჭიამ ფილმი.

„კულტურის მინისტრის მხრიდან ფილმის კრიტიკისას ძირითადი არგუმენტია, რომ ფილმის ავტორმა დაარღვია ხელშეკრულება ეროვნულ კინოცენტრთან, როდესაც დაფინანსების მიღების შემდეგ შეცვალა ფილმის სცენარი და სათაური:

დოკუმენტური ფილმის გადაღებამდე ფილმის დეტალური სცენარი, სადაც გაწერილი იქნება ფილმის საბოლოო განვითარება, არ არსებობს. დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ავტორი მიჰყვება დროს და დროსთან ერთად ცხოვრება იცვლება. იცვლება ხედვა, დამოკიდებულება, ემოციები. მხოლოდ გასაკვირი იქნებოდა დოკუმენტური ფილმი ზუსტად ისე დაასრულოს ავტორმა წლების შემდეგ, როგორც თავდაპირველად ჩაიფიქრა. შემოქმედებითი პროცესი გარემოსთან დიალოგია. შესაბამისად, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ იცვლება ფილმის სამუშაო სათაურიც.

აბსურდულია მინისტრის მხრიდან იმის თქმა, რომ „ჯადოსნური მთის“ ავტორებმა დაარღვიეს დამფინანსებელთან დადებული ხელშეკრულება, რადგან ფილმის სცენარში ჩაამატეს კინოცენტრთან შეუთანხმებელი ფრაზა, თუ ელემენტი. ფილმი დაფინანსებისას შეეხებოდა აბასთუმნის ტუბ. ცენტრს და დასრულებისას შეეხება აბასთუმნის ტუბ. ცენტრს.

მიუხედავად იმ რთული რეალობისა, რომელშიც დღეს გვიწევს მუშაობა, ჩვენ ვაგრძელებთ შემოქმედებით საქმიანობას და გვჯერა, რომ ქართული დოკუმენტური კინო ხელს შეუწყობს თავისუფალი, პასუხისმგებლობიანი და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირებას. ამისათვის კი აქვე ვაანონსებთ დისკუსიას – „ტყუილ-მართალი დოკუმენტურ კინოში“, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და რომლის დეტალებსაც უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ“, – წერია განცხადებაში.


კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში დოკუმენტურ ფილმ „ჯადოსნურ მთაზე“ ისაუბრა და ფილმის რეჟისორები სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

წულუკიანის თქმით, კინოცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მცირე ბერკეტი და ალბათ „ამ მცირე ბერკეტს გამოიყენებს“.

საუბარია მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმ “ჯადოსნური მთაზე”, რომელიც აბასთუმნის ტუბდისპანსერზეა.

წულუკიანის თქმით, ფილმი 2016 წელს დაფინანსდა როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება დაუშვებელი იყო.

მისი თქმით, ფილმი 2017 წელს ჩაბარდა და თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც კინოცენტრმა ჩაიბარა, საუბარი არ იყო ბიძინა ივანიშვილზე.

წულუკიანი ამბობს, რომ რეჟისორმა ფილმში ცვლილებები 2018 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის განახლება დააანონსა.