ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცხადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”.
„დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით […] კოვიდმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენ და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა – მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის თვალსაზრისით… იანვარში ჩვენ გვქონდა გრიპის გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წინა კვირაში დაფიქსირდა 569 გარდაცვალება მხოლოდ გრიპით, ბოლო კვირაში კი – 271. ბოლო კვირაში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცოტა მოიკლო რესპირაციული ინფექციებით დაავადებამ […] მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სადღაც ვინმე გრიპით ვინმე გარდაცვალა, ისე რომ არ მოხდა მისი აღრიცხვა, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებულია სულ 3 შემთხვევა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ PalitraNews-თან ინტერვიუში.
ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის ვაქცინით აცრა. „მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი”, – თქვა მან.
ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინა ბევრია ქვეყანაში, თუმცა მოცვა – არასაკმარისი.
„მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ცერცვაძემ.