თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს სავარაუდოდ, შემოდგომას მიაღწევს.
“მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც ვთქვათ, წლის დასაწყისში იყო”, – განაცხადა ცერცვაძემ.
“ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ. სასურველია, რომ მოსახლეობამ პირბადე ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში გამოვიყენოთ.
მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენები მასიურად ვაქცინაციას და პირბადეების ტარებას დაიწყებენ. ეს დიდი ალბათობით არ მოხდება. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ასაკისგან დამოუკიდებლად, ვინც შეამჩნევს, რომ რაღაც რესპირაციული სიმპტომები აქვს, მაგალითად, ყელის ტკივილი, ხველა, სურდო, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს კოვიდზე ტესტი გაიკეთეთ. ეს არის უფასო. კოვიდის დადასტურების შემთხვევაში თქვენს ოჯახის ექიმთან, ან ონლაინ კლინიკის ექიმთან კომუნიკაციაში შედით. თუ ჩვენებები არ გაქვთ – იოლად გადაიტანთ, მაგრამ თუ არის ჩვენებები, რომელმაც შეიძლება დამძიმება გამოიწვიოს, თქვენ “პაქსლოვიდს” მოგცემენ და თქვენ გარანტირებული იქნებით, რომ საავადმყოფოში არ მოხვდებით და მით უმეტეს, ლეტალური შედეგი არ დადგება”, – ამბობს ცერცვაძე.