ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები საქართველოსთვის მისაღები და ხელსაყრელი არ არის მათი შენახვის პირობების გამო. ცერცვაძე რეკომენდაციას AstraZeneca-ს ვაქცინას უწევს.
„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.
ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს“, – განაცხადა მან.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტი თარიღი, როდის შეძლებს საქართველო რომელიმე ვაქცინის მიღებას. როგორც 25 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, იანვრის ბოლოს დასრულდება ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავება, მარტის დასაწყისიდან კი ვაქცინაცია დაიწყება.
ამავე ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულირებულია ე.წ. ცივი ჯაჭვიც, ანუ საქართველოში სამივე ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი პირობები მეტ-ნაკლებად არსებობს.