ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის მიენიჭება ახალ პარტიებს, მათ შორის პარტია „მოქალაქეებს“ რიგითი ნომერი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ვრცლად პასუხობს.
„წლების განმავლობაში, როდესაც ტარდებოდა წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭების პროცესი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ტარდებოდა განსაზღვრულ, ბოლო, უკიდურეს ვადაზე ბევრად უფრო ადრე იმისათვის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონოდა შესაძლებლობა თანაბარ პრინციპებზე განეხორციელებინა საკუთარი საქმიანობა“, – განმარტავს ანა მიქელაძე.
მიქელაძის თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, 4 სექტემბერი იყო ბოლო ვადა , როდესაც უფლებამოსილ პარტიებს ჰქონდათ უფლება მიემართად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის რიგით ნომრებთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, არსებობენ პარტიები რომლებსაც შეუძლიათ ძველი რიგითი ნომერი (რაც წინა საერთო არჩევნებზე ჰქონდათ) ის დაიტოვონ. ცესკოს პრესსპიკერის თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებმაც წილისყრის პროცედურაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
„გარდა ამისა, კიდევ არსებობს საარჩევნო ბლოკები. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განცხადებით ცესკოსთვის მომართვის ბოლო ვადა არის 18 სექტემბერი. ამას გარდა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ არჩევნებამდე 50 დღით ადრე დაინიშნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე ზოგიერთ მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნავს ანა მიქელაძე.
მიქელაძის თქმით, შესაბამისად, სანამ ეს ყველა საკანონმდებლო ვადა არ იქნება ამოწურული, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს თქმით, ძალიან დიდი სურვილი აქვთ შეუწყონ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელი და ყველა საარჩევნო სუბიექტს, ფიზიკურად ვერ განხორციელდება.
„წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭებისათვის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. თუმცა, რა თქმა უნდა, ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკიდურესი ვადა არ იყოს გამოყენებული და საკანონმდებლო შესაძლებლობა რასაც იძლევა, ის ვადები რაც არის მოცემული, აი იმ ვადებში ჩატარდეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტია „მოქალაქეებმა“ ცესკოში ერთი თვის წინ განცხადება შეიტანეს, პარტიისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში „ცესკო ფეხს ითრევს“.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის თქმით, პარტია ცესკოსგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ ჩატარდეს წილისყრა და მათ პოლიტიკურ გუნდს საარჩევნო ნომერი მიენიჭოს. „ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, – ამბობს ელისაშვილი.