ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ ცესკოს შედეგების გვერდზე ამ ეტაპზე იტვირთება იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი ოქმები.
ცალკეა გამოქვეყნებული ელექტრონული მანქანის მიერ დათვლილი შედეგები იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდა.
„მინდა განვმარტო ცესკოს რეზულტატების ვებგვერდზე ოქმების შემოსვლის პროცედურა.
მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობით, იურიდიული ძალის შემაჯამებელი ოქმები გახლავთ ის ოქმები, რომლებიც დაითვლება ხელით, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება ცესკოს გვერდზე. ეს ოქმები ნელნელა იტვირთება ვებგვერდზე და შეუძლია, ყველა დაინტერესებულ მხარეს ნახოს ის.
ამასთან, ამ ოქმების შედეგები ვებგვერდზე არის ცალკე, ხოლო მათ, ვისაც აინტერესებს ელექტრონული არჩევნების შედეგები, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, ელექტრონული არჩევნების ბანერზე ღილაკის მიჭერით შეძლებთ ნახვას ზუსტად იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების დათვლილი შედეგით.
იმისთვის, რომ ავირიდოთ სპეკულაცია, ახლა ვებგვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შედეგებს, ელექტრონული არჩევნების ღილაკზე ხელის დაჭერით ნახავთ ამ შედეგებს. ორივე შედეგი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარისთვის“, – განმარტა მან.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის [00:40] კენჭისყრის შედეგების ფანჯარაში წინასწარი მონაცემებით შეყვანილია უბნების 34.362% და ამ უბნებზე „ქართულ ოცნებას“ აქვს 61.13%, „ერთიანობას“ – 10.029%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 8.6%, „ძლიერი საქართველო“ – 7.21%, „გახარია – საქართელოსთვის“ 6.009%.
ელექტრონული არჩევნების ფანჯარაში გამოქვეყნებულია უბნების 72.356%.
„ქართულ ოცნებას“ აქვს 53%, „ერთიანობას“ – 9.84%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.176%, „ძლიერი საქართველო“ – 8.998%, „გახარია – საქართელოსთვის“ 8.222%.