ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ „კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა“.
ცესკო ამბობს, რომ „არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე”.
„მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას”. – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ შორის, პირველი განცხადება ამაზე 27 ოქტომბერს, 3 ოპოზიციურ კოალიციასა და 1 პარტიასთან ერთად გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილი უერთდება საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნას და ამას საერთაშორისო პარტნიორებთან ლაპარაკის დროსაც უსვამს ხაზს. მათ შორის, ამაზე ილაპარაკა 18 დეკემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროსაც.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს არაერთი მტკიცებულება, რომელიც არჩევნების დარღვევებს ასახავს.
მიუხდავად ამისა, ცესკო კვლავ „მოუწოდებს პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ”.