ცესკო: არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული

პუბლიკა

ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი პოლიტიკოსების მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა, იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა სიაში, კანონით არის შეზღუდული.

„დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს“, – თქვა ნათია იოსელიანმა.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკოსგან მოითხოვენ, შექმნას არჩევნებში მონაწილეების ბაზა, რომ ამომრჩევლებმა გადაამოწმონ თავი არჩევნებზე მისულთა სიაში.  მისი განმარტებით, ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, შეამოწმოს, არის თუ არა დადასტურებულად სიაში იმ უბანზე, სადაც ხელი მოაწერა, ასევე, ამომრჩეველს მიეცემა საშუალება, გადაამოწმოს თავისი ხმა დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან სხვას არ გამოუყენებია.

ძლიერი საქართველოს სახელით ანა ნაცვლიშვილი ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაასაჯაროოს ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები.