ცესკო: ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს II ტურში კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის პროცედურას, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა კანდიდატი მონაწილეობას, მისი სახელი ბიულეტენში მაინც იქნება.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ საქართველოში 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში – მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

მიუხედავად ამისა, ნაძალადევის რაიონში ოპოზიციონერმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს ცესკოს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას, ე.წ. II ტურიდან.

[თუ ბიულეტენში მაინც დახვდება ჩემი სახელი] მაშინ გამოდის, რომ ეს არის უკანონო კანონმდებლობა და სწორედ ამიტომ ვედავებით ივანიშვილს, რომ მან უსამართლობა დაამყარა ქვეყანაში, ის უნდა გადაყვეს ამ პროცესებს და ჩვენ დავამყარებთ სამსართლიანობას, მათ შორის, საარჩევნო საკითხებში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ, ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს”, – ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ. ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ტურში მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. თავიანთი საქმე თავად იციან, მაგრამ მეორე ტურში მარტო არიან დარჩენილები. არც ერთი პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ეს თითოეული მათგანის მყარი პოზიცია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამ საკითხს გამოეხმაურა, ასევე, დღეს პარტია „ქართული ოცნების” წევრი, თეა წულუკიანი. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. მისი თქმით, 21 ნოემბერს ამომრჩეველს არჩევანის საშუალება ექნება, ვინაიდან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია ჩუმად აწარმოო, როცა საჯაროდ ვამბობთ, რომ მეორე ტურები იგივენაირი სიყალბეა და ამომრჩეველს მოვუწოდებ, 21 ნოემბერს ამ სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოს”. – ასე გამოეხმარა ის „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას.

„ის, რაც კანონში წერია, სულ რომ მოკვდე, ბიულეტენში მაინც ეწერები, ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს, წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო და ეუბნება, ეგენი საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და მეორე ტურში ჩუმად მონაწილეობენო. მითხრან მიზანი, ჩუმად რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ“, – განაცხადა უგულავამ.