ცესკო: ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

პუბლიკა

საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, როემლშიც შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია ,,გაყალბებულად“.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას.

საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა და ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი, ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.

ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად.

პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.“,- ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოსთვის გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას.“

ცესკოში მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის მორიგი განცხადება სამართლებრივი პრინციპის – უდანაშაულობისპ რეზუმფციის დარღვევაა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ცესკოში ამ ტიპის განცხადებების განიხილავენ, როგორც  „საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობად.“

ევროპარლამენტის მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს და ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის.