ცესკო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების” მიგნებას, რომლის თანახმადაც, „საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს“.
ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ. ცდომილება“, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“.
ნათია იოსელიანის თქმით, „კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში“.
„ცესკომ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ არის ოფიციალურ მონაცემები, რომლებიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე“, – თქვა ცესკოს სპიკერმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.
აქედან გამომდინარე კი, როგორც იოსელიანი ამბობს, „11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს“.
გუშინ, 7 ნოემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ცესკოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ:
„მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%.
გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება.
მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.
გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.
ასევე, გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს”.
გუშინვე, ISFED-ის პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან, ცესკოს მტკიცებით, ეს მონაცემები არ შედის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში:
„მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის“, – განაცხადა გუშინ ცესკომ, რაზეც ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ ცესკომ ფაქტობრივად დაადასტურა მათი ინფორმაციის სისწორე.