ცესკო: კონვერტში ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ფარულობა დაცული იყო

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბრიფინგით უპასუხა.

შარაბიძის თქმით, ბიულეტენი დაბეჭდილი იყო „მაღალი გრამაჟის ოფსეტურ ქაღალდზე“ და იყო იმაზე სქელი, ვიდრე გამოიყენეს 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში.

„ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვილილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩო კონცერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი.

გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი. ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით

ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი“, – განაცხადა შარაბიძემ.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რომ საზოგადოებამ ვეღარ გაარჩიოს სიმართლე და ბრმად დაიჯეროს ინფორმაცია.

„იმის პრეცედენტი, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამის გამო ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე მსოფლიოში არ მახსოვს“, – ამბობს ის.