ცესკო მარკერების შეცვლაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და „სმარტმატიკის" წერილს აქვეყნებს

პუბლიკა

ცესკო ეხმაურება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა. ისინი ამას „ინფორმაციით მანიპულაციას“ უწოდებენ და აქვეყნებენ „სმარტმატიკისგან“ მიღებულ წერილს, სადაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერები ცესკოს მათ მიაწოდეს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა” მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან” მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო“, – აღნიშნავენ ცესკოში.

მათი ცნობით, „სმარტმატიკის“ წერილში ნათქვამია:

„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია #Smartmatic -ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს.

აღნიშნული #მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც #Smartmatic-მა უზრუნველყო მხარდაჭერა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა. ბოკუჩავამ მედიასთან ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე, სადაც არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელები უნდა განიხილონ.