ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებებში ცვლილებების თაობაზე გამოხმაურებებს პასუხობს და განმარტავს, რომ სამართლებრივ აქტებში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა და დამკვირვებლების უფლებები არ შეუზღუდავთ.
„სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:
ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას, რასაც ადასტურებს კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა:
ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.
დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკო წერს, რომ დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას.
„სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.
აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამ აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა სამ დადგენილებაში.
ცვლილება შევიდა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. ამ დადგენილებას ემატება კიდევ ერთი პუნქტი, რომლითაც:
„კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
- კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება“.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეს ცვლილება ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.