ცესკო „პატრიოტთა ალიანსის“ 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წარმომადგენელი ნინო რიჟამაძე სოციალურ ქსელში წერს რომ ცესკომ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პარტია 2 000 ლარით დაჯარიმდება. მიზეზი, რიჟამაძის თქმით, არის ის, რომ „ფეისბუქზე“ ანტი-თურქული რეკლამების განთავსებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

„პატრიოტთა ალიანსმა” ფეისბუქზე ანტი-თურქული რეკლამების განთავსებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი, შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალღვევის ოქმი, რომლითაც პარტია ჯარიმდება 2000 ლარით.

ეს არის მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც უწესებს ზღვარს პარტიის გამოხატვის თავისუფლებას და ადგენს, რომ ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით“, – ამბობს რიჟამაძე.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, დოკუმენტი გადაიგზავნება სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, პარტია უნდა დაჯარიმდეს თუ არა.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა გარკვეული რეკლამები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავად დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ ჩვენ მოგვმართა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით. არსებობდა შესაბამისი ვადები. ცესკო-ს თავმჯდომარის დავალებით შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. 10-დღიანი ვადა იყო ამისთვის. დღეს, 10 სექტემბერს ცესკო-ში ზეპირი მოსმენა გაიმართა, რასაც კანონი ითვალისწინებს. ზეპირ მოსმენაზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები – კონკრეტული საჩივრების ავტორები იმყოფებოდნენ. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია და არგუმენტაცია აღნიშნულ საკითხზე“, – თქვა ანა მიქელაძემ.