ცენტრალური საარჩევნო კომისია სიცრუეს უწოდებს პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არჩევნების დღეს მარკერების შეცვლაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ სასამართლოში საარჩევნო დავებზე სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.
„საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – წერია ცესკოს განცხადებაში.
ბოკუჩავას განცხადებით, ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარადგენენ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის თამარ კორძაიას თქმით, დაასაბუთებენ, რომ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ცესკოს უნდა ჰქონოდათ ბრენდირებული „სმარტმატიკის“ მარკერები.