ცესკო სავარაუდო დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს პასუხობს

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა და ცალკეული პირის მიერ გავრცელებულ დარღვევებზე კომენტარი გააკეთა.

„► არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და  საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.

►ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.

► ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და  32-ე საარჩევნო უბნებზე  საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

► ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება.

► ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს   საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვიწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.

► სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან  არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე.

► ასევე არასწორია ორგანიზაცია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია.  საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული“, – აცხადებს ცესკო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა 11:00-isTvis დაწერეს 4 საჩივარი და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.