ცესკო საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ მიერ შეძენილი ქაღალდი იმაზე სქელი იყო, ვიდრე კომპანია „სმარტმატიკისგან” ჰქონდათ რეკომენდაცია.
„საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო”, – აღნიშნავენ ცესკოში.
„სამართლიანი არჩევნების” დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე უთხრა, რომ „ეს იყო ბიულეტენის სატესტო ვერსია და არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული“.
დოლიძის თქმით, სასწავლო შეხვედრაზე ბიულეტენის სისქის პრობლემა და ქაღალდის უკანა მხარეს მარკერის კვალი ISFED-ის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს და ცესკოსგან სწორედ ეს პასუხი მიიღეს.
მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინეს და ამის შესახებ წინასწარ მიმართეს ცესკოს, რათა მიეღოთ შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.