საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლასა და მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენების მცდელობებზე საუბრობს. ცესკო არ აკონკრეტებს, რა შემთხვევებზეა საუბარი, თუმცა მიუთითებს, რომ ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.
„როგორც ჩანს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის – ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, მცდელობები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი კამპანიები და მცდელობები ემსახურება „იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვას და გაუფასურებას”, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწიეს. მათი შეფასებით, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. უცნობია, რა კამპანიებს გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაცია.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა კანონიერი ბერკეტის გამოყენებით არ დაუშვებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებების შელახვას, მათ პირად ცხოვრებაში შეჭრასა და პერსონალური ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგოდ გავრცელებას.
ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი, ხოლო ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი”, – ნათქვამია განცხადებაში.