ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

პუბლიკა

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები”, – აცხადებენ ცესკოში.

გუშინ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

გარდა ამისა, გორის რაიონულმა სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.