ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს და ის პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს შეახსენებს.
ცესკო წერს, რომ საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
ცესკოს განცხადების თანახმად, პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
ცესკო აცხადებს:
„პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.
მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით“.
უცნობია, რომელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბებისა და არაერთი დარღვევის გამოვლენის შემდეგ „ოცნება“ პარლამენტში ერთადერთი პარტიაა. დროთა განმავლობაში მას ფორმალურად გამოეყო „ხალხის ძალა“, რომლის წევრებიც მანამდე „ოცნების“ საარჩევნო სიაში იყვნენ. „ხალხის ძალა“ ოპოზიციად პოზიციონირებს.
2024 წლის 28 ოქტომბრიდან კი საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ვინაიდან ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს. აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნაა. გასულ კვირას კი დემონსტრანტებმა „ქართული ოცნების“ გადადგომა მოითხოვეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება.