ცენტრალური საარჩევნო კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს EPDE-ს განცხადებას ყალბი დამკვირვებლების შესახებ.
„დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმამ” (EPDE) 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 ყალბი დამკვირვებლის იდენტიფიცირება მოახდინეს.
„ისინი საქართველოს მთავრობას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში დაეხმარნენ“, – დაწერა EPDE-მ განცხადებაში.
EPDE-მ ხაზი გაუსვა, რომ რომ ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის „სამართლიანი არჩევნები” არჩევნებს არ აკვირდებოდა ტრადიციული გზით, ასევე, არჩევნებს არ დაჰკვირვებია ეუთო, ვინაიდან საქართველომ მას მოწვევა დაგვიანებით გაუგზავნა.
„რეალური დამკვირვებლების არყოფნის გამო, ეს ხარვეზი პოლიტიკურად მიკერძოებულმა „ყალბმა დამკვირვებლებმა“ შეავსეს“, – დაწერა „დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმამ“.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მიიჩნევენ, რომ EPDE-ის „მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით”.
„გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, სადაც ის ითხოვს, რომ ცესკომ „რეკომენდაცია გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სტანდარტებზე დაფუძნებული მისიის გარეშე განხორციელებული საჯარო თვისებრივი შეფასებებისგან.
გვინდა შევახსენოთ EPDE-ის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მოწვევა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კარგი პრაქტიკაა. თუმცა, მაგალითად გასულ წელს, მაშინ, როცა EPDE თავად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და არც რაიმე ტიპის დარღვევად ჩაუთვლია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რატომ იქცა პრობლემად დღეს ის, რაც გასულ წლებში არ მიიჩნეოდა ასეთად.
უფრო მეტიც, EPDE-ს ე.წ. „ფეიქ დამკვირვებელთა“ სიაში მოხვდნენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთიდან, რომლებსაც მისიის ფარგლებში საერთოდ არ გაუკეთებიათ რაიმე ტიპის შეფასება, ნაწილმა კი მხოლოდ პროფესიული კუთხით, ტექნიკურ ნაწილში შეაფასა პროცესი. ამდენად გაუგებარია, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს EPDE, როცა ჩვენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენიებს, თუნდაც მხოლოდ მათი ქვეყანაში ყოფნის ფაქტის გამო“, – წერს ცესკო.
ცენტრალური საარჩევნო კომისია EPDE-ს 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს არყოფნის კრიტიკაზეც პასუხობს. 4 ოქტომბრის არჩევნებს ეუთოს მისია არ დაჰკვირვებია, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ” მათ მოწვევა დაგვიანებით – არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაუგზავნა.
„ცესკოს მიმართ EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდებაა „შეუერთდეს დაინტერესებულ მხარეებს დროული და სრულმასშტაბიანი ODIHR-ის მოწვევების წასახალისებლად და მომავალ საარჩევნო ციკლში ძლიერი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო პროცესის ხელშესაწყობად“.
კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოდირის მოწვევა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა მისიასთან.
აქვე გვინდა შევახსენოთ EPDE-ს წარმომადგენლებს, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ყოფილა პრაქტიკა (2008 წ.), როცა ეუთო/ოდირს სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება დაახლოებით იმ ვადებში შეძლო, რა ვადაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდათ მისიის ფორმირებისთვის“, – წერს ცესკო.
საარჩევნო ადმინისტრაციის მტკიცებით, 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა „მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები”.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა“, – აცხადებს ცესკო.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და არ მონაწილეობდა 10-მდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.
64-ვე მუნიციპალიტეტის მერი გახდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი მიიღო, 25 პროპორციული მანდატიდან კი – 20.
არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ISFED, TI, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაჰკვირვების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ.
- რაც შეეხება EPDE-ს განცხადებას და ყალბ დამკვირვებლებს – მისი სიზუსტე „მითების დეტექტორმაც” შეისწავლა და დაადგინა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა, მაგალითად, ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი – ის ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება.
- ასევე ფრანკ პენგამი პლატფორმა – ის Géopolitique Profonde-ის თანადამფუძნებელია; 2024 წელს დამკვირვებელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის, ოკუპირებულ დონბასში;
- ასევე, ფრანსუა-ქსავია ჟიკელი, რომელიც ორგანიზაცია SOS Chrétiens d’Orient-ის ყოფილი დირექტორია; „მითების დეტექტორის“ თანახმად, ის, სავარაუდოდ, აფინანსებდა ასადის რეჟიმის მილიციას; 2011 წელს ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამო გარიცხეს. ჟიკელი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა;