„ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ქართული ოცნების ყურმოჭრილი დანამატი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი და ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ელისაშვილის განმარტებით, პარტია „მოქალაქეებმა“ ცესკოში ერთი თვის წინ განცხადება შეიტანეს, პარტიისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში „ცესკო ფეხს ითრევს“.
„ცესკოს შეეძლო ჩვენი განცხადების შეტანიდან მეორე დღესვე, 12 აგვისტოსვე ჩაეტარებინა ეს წილისყრა, მაგრამ ის მაქსიმალურად ფეხს ითრევს, იმავდროულად არღვევს კანონსაც, ვინაიდან ორი კვირის ვადაში, ათ დღიან ვადაში არ გაგვცა ჩვენს წერილობით განცხადებაზე პასუხი, შესაბამისად ეს არი წვრილმანი ვირ-ეშმაკობა ჩვენთვის ხელის შესაშლელად, რომ ვერ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის თქმით, პარტია ცესკოსგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ ჩატარდეს წილისყრა და მათ პოლიტიკურ გუნდს საარჩევნო ნომერი მიენიჭოს. „ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, – ამბობს ელისაშვილი.
„პუბლიკა“ ცდილობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) დაკავშირებას. მათ პოზიციას დღის ბოლომდე შემოგთავაზებთ.