ცესკომ დაადგინა პრეზიდენტის არჩევნების კოლეგიის კვოტები და გრაფიკი

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში.

პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრისა, უნდა წარადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრთა მონაცემები.

სამივე წარმომადგენლობითი ორგანო კოლეგიაში სრული შემადგენლობით იქნება ანუ პარლამენტის 150 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი.

არაუგვიანეს 28 ნოემბრისა უნდა წარადგინონ პარტიებმა განსაზღვრული კვოტებით საკრებულოების წევრები.

2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოებიდან კოლეგიაში პარტიების კვოტები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 54 წევრი
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
  • „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
  • „ლელო“ – 4 წევრი
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124 წევრი.

პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ მიიღებს კოლეგიის 200 წევრის მხარდაჭერას (2/3). წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც იმავე დღეს ჩატარდება. მეორე ტურში კანდიდატი ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს.

კანონის მიხედვით, არჩევნები დილის 09:00-ზე იწყება და მაქსიმუმ 14:00-ზე სრულდება. პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა დანარჩენ პარტიებსაც.


25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.