დღევანდელ, 11 ოქტომბრის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვაზე არ იმსჯელა. წევრთა გადაწყვეტილებით, საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ შევიდა.
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გააცნო. მიმართვაში უწყება საუბრობს ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„[საგარეო საქმეთა სამინისტრომ] მომართა კომისიას, განეხილა ისრაელში საარჩევნო უბნის გასხნასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს […] გიზიარებთ ინფორმაციას და თუ ფიქრობთ, რომ დღეს უნდა ვიმსჯელოთ უბნის გაუქმებაზე, შეგვიძლია, დღის წესრიგში შევიტანოთ საკითხი. სხვა შემთხვევაში, არჩევნებამდე 15 დღეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, დაველოდოთ კენჭისყრის დღის მოახლოებას, გაუქმება ყოველთვისაა შესაძლებელი, უბნის დაბრუნება და აღდგენა შეუძლებელი იქნება, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ისევე როგორც კენჭისყრის დღეს, თუმცა საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ რისკებზე და გარემოებებზე, რომელიც მოყვანილია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოყვანილ წერილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საკითხის გაცნობის შემდეგ ცესკოს წევრებმა პოზიციები დააფიქსირეს. გამოთქმული პოზიციების მიხედვით, საარჩევნო უბნის გაუქმებაზე მსჯელობა, ამ ეტაპზე, ცესკოს წევრებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
„პირდაპირ გეტყვით, დღევანდელი მდგომარეობით და ამ ეტაპზე მე არ ვთვლი მიზანშეწონილად ამ საკითხის განხილვას, […] მერე ვნახოთ, მომავალში რა იქნება“ – განაცხადა არჩილ ანასაშვილმა, ცესკოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.
„2236 ამომრჩევლისთვის არც მე მგონია მიზანშეწონილი, 15 დღით ადრე გავაუქმოთ უბანი და შემდეგ უბნის დაბრუნება ვეღარ მოხდება. ასეთ მდგომარეობაში თებერვალში ისრაელში ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები“, – განაცხადა ანა კობახიძემ, ცესკოს წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“.
„ვინაიდან ჩვენ ისრაელის სახელმწიფოსგან არ გვაქვს ასეთი მოწოდება, განსხვავებით უკრაინისგან, ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი პრაქტიკულად ყოველთვის იმ რეჟიმშია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოცხადდეს საჰაერო განგაში და თავადაც ატარებენ არჩევნებს ასეთ პირობებში, ეს არ იქნება მიზანშეწონილი, თუ ისრაელი თავად არ მოითხოვს ამას“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ, ცესკოს წევრმა „ლელოდან“.
ცესკოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“, დავით ჯინჯოლავამ აღნიშნა, რომ ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ საარჩევნო უბანი შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს. „მათ თავიანთი დღის წესრიგი უნდა დაგეგმონ, იცით, ისედაც მხოლოდ მაგ ქალაქშია უბანი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებიდან მოუწევთ ჩამოსვლის წინასწარ დაორგანიზება, ამიტომ იმედია, არ გაუქმდება ეს უბანი“, – განაცხადა მან.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი სანტურიანმა განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს კენჭისყრის როგორც შეწყვეტის, ასევე აღდგენის წესს. ისრაელში არჩევნების გასამართად საჭირო ინვენტარის და მასალების გაგზავნის ბოლო ვადა კი 16 ოქტომბერია. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეკა ცაბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისრაელში მასალების მიწოდებაზე რამე ტიპის შეფერხება არაა.
„ნუ გვართმევთ არჩევანს“ – ამ სლოგანით ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გუშინ, 10 ოქტომბერს გამართეს.
„სიმბოლურად შევიკრიბეთ საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე, რათა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუფიქსიროთ, რომ არ წაგვართვან ჩვენი კონსტიტუციური უფლება. გავაკეთეთ პეტიცია, ხელმოწერებს ვაგროვებთ“, – უთხრა ანა ბოჩხაძემ „ფორმულას“.
ეს ერთადერთი საარჩევნო უბანია ისრაელში.
ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 67 უბანი გაიხსნება.
კომისია აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.
ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.