ცესკომ ოპოზიციისა და საიას საჩივრები 73 ოლქის შედეგების გაბათილების შესახებ არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები, რომლებიც ფარულობის დარღვევის გამო 73-ვე ოლქის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითვალისწინებდა, არ დააკმაყოფილა.

ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, რადგან შეიძლებოდა დადგენა, თუ ვის მისცა ან არ მისცა ხმა ამომრჩეველმა, რაც, მათი თქმით, არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველია.

თუმცა, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საჩივრები უსაფუძვლოა.

„ეს საჩივრები არის პოლიტიკური და ზუსტად იმ ეფექტზეა გათვლილი, რომ ამას მერე მოჰყოლოდა დიდი ვნებათაღელვა”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ერთ-ერთი საჩივრით ასევე მოითხოვდა ლონდონის უბნის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასაც იმ მიზეზით, რომ, მათი თქმით, ამ უბანზე ოქმის შევსება ორჯერ მოხდა.

პირველ ოქმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ იყო მითითებული, მეორე ოქმში კი აღნიშნული მონაცემები შეტანილი იყო, თუმცა არ ახლდა განმარტება, რამდენი ხნის შემდეგ მოხდა მისი შევსება. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ამ უბნის ხელახალ დათვლას ითხოვდა. ცესკომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

დღის განმავლობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას.

ასევე, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.

ფარულავამ გიორგი კალანდარიშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს არჩევნების „გამყალბებლები” და „რუსულ სპეცოპერაციაზე, რომლითაც ქვეყანაში გაუქმდა დემოკრატია” პასუხისმგებელი პირები უწოდა.

კალანდარიშვილის გაფრთხილების შემდეგ, მას ჯერ მიკროფონი გამოურთეს, შემდეგ კი თავმჯდომარემ ის დარბაზიდან გააძევა. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ლაშა ფარულავამ გააკეთა „არა საქმესთან დაკავშირებული განცხადებები, არამედ – პოლიტიკური გზავნილები”.