ცესკომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა

პუბლიკა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და სხვა საერთაშორისო ჩართული მხარეების არაერთ ანგარიშში მოხვდა რეკომენდაცია, ისეთი სტანდარტების განვითარების და დამკვიდრების შესახებ, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას.

„მსგავსი რეკომენდაცია მოხვდა აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის ანგარიშში, სადაც სახალხო დამცველი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.