ცესკომ საუბნო კომისიების ხელმძღვანელების და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი.

ცესკო აცხადებს, რომ 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

ცეკსო წერს, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე.

ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

ასევე, შემუშავებულია განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ცესკო აცხადებს, რომ წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს.

„კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა.

სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.

გამოცდები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად სულ 9-ჯერ ჩატარდა. 5 გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით), ხოლო 4 გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით).

საერთო ჯამში სერტიფიცირებულია 34 000-მდე პირი. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას”, – აცხადებს ცესკო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილების მიხედვით კი,  არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ასევე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაჰყვება გადასატან ყუთს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს მეგობრის პოზიცია კი „საია”-მ წარადგინა.

მათი განცხადებით, ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ ყოფილა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.

ამასთან, მათივე განცხადებით, წილისყრა არჩევნების დღემდე, სულ მცირე, 7 დღით ადრე საფრთხეს შეუქმნის გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას, ასევე, შესაძლოა, მოხდეს კომისიის ცალკეული წევრების დაშინება და ზეწოლა.

მიუხედავად ამისა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ სარჩელები არ დააკმაყოფილა და ცესკოს დადგენილება ძალაში დატოვა.