ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.
ცესკო გავრცელებული განცხადებით პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:
- ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
- ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
- ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
- ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არჩევნების წესებით ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით.