ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილების მიხედვით კი, არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ასევე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაჰყვება გადასატან ყუთს.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს კომისიის წევრებზე ზეწოლის რისკებს ზრდის.
მათივე შეფასებით, ცესკოს ამ დადგენილების მიღების უფლება არც ჰქონდა – ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.
„ლელოს” წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, რომელიც ცესკოს წევრიცაა და რომელმაც სასამართლოს სარჩელით მიმართა, სამართლებრივი თვალსაზრისით საქმე მარტივი იყო, „თუმცა, საარჩევნო დავებს ცესკო ყოველთვის იგებს”.
„ალბათ ეს არის იმის ინდიკატორი, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ხელისუფლების ნება ყოველთვის იმარჯვებს მისი ბერკეტების მეშვეობით, იქნება ეს ცესკო თუ სასამართლო”. – თქვა სიორიძემ.
სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შესაბამისად, ცესკოს დადგენილება ძალაშია.