ცესკოს განცხადებით, უწყებამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ 12 ნოემებრს განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.