ცესკოს კანდიდატების შესარჩევი კომისია პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ორმა წევრმა დატოვეს

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა პრეზიდენტის წარმომადგენელმა დატოვა.

ლევან შენგელიამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სოლიდარობის ნიშნად მიიღო, რომლებმაც კომისიის შემადგენლობა გუშინ დატოვეს. მისი თქმით, ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი.

პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, მათ ითხოვეს, გასაუბრება გადადებულიყო 15 აპრილის შემდეგ, როცა პარლამენტი რუსული კანონის განხილვას დაიწყებდა, თუმცა მათი ეს თხოვნა არ შესრულდა, რის გამოც ორმა წევრმა კომისია დატოვა.

„გუშინ იყო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხებს. ამ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა კომისიის ორმა წევრმა განცხადებით მიმართა კომისიას და აღნიშნა შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მონაწილეობისა და თქვეს, რომ სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, ისინი მუშაობას შეაჩერებდნენ. ასევე თავიანთი ეს გადაწყვეტილება დაუკავშირეს იმ გარემოებას, რომელიც უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. მათ მოკლედ აღნიშნეს, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, მიუღებელი სხვადასხვა არგუმენტით და ა.შ. მათი განცხადების შესახებ მე დეტალებში არ შევალ ერთადერთი მიზეზით, რომ საზოგადოებამ ისედაც იცის არგუმენტები, რასაც სამოქალაქო საზოგადოება გამოხატავს ამ აღნიშნული კანონის მიმართ. კომისიის წევრების არგუმენტები არ განსხვავდებოდა ამ მოსაზრებებისგან. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ იქნებ 15 აპრილამდე მაინც გადაგვედო სხდომები, რომ იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით მერე მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება მონაწილეობის გაგრძელების ან შეწყვეტის.

[…] მე, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი კომისიის წევრი, ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს მინდა, აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შინაარსი და მოტივები“, – განაცხადა მან.

შესარჩევმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო.

პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესარჩევი კომისიის შემადგენლობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ შექმნა, ასეთია:

  • ტატიანა ხოხიაშვილი – „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის“
  • მერი კაპანაძე – „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“
  • ლია ახალაძე – „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი
  • ზვიად გაბისონია – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ პროფესორი
  • რევაზ კლდიაშვილი – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი
  • შალვა ქურდაძე – „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორი

ნინო ჩხობაძემ, ზაურ ხალილოვმა და ლევან შენგელიამ კომისია დატოვეს.

რაც შეეხება კანდიდატებს, ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი კვლავ გიორგი კალანდარიშვილია.

ცესკოს წევრობის 3 ვაკანტურ ადგილზე კი კონკურსში მონაწილეობენ:

  • ლუხუმ ბურჯალიანი
  • მაია ზარიძე
  • გიორგი შარაბიძე
  • გია ცაცაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის წარმომადგენლის და ორი წევრის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ცესკოს წინააღმდეგ საბოტაჟი.

ცესკოს კონკურსებს პრეზიდენტი აცხადებდა, თუმცა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, ეს უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

ასევე შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებიც – მის ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, თუკი საკმარისი ხმა ვერ მოგროვდება, მისი არჩევა 76 ხმით იქნება შესაძლებელი. კანდიდატების 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ შეეძლებათ.