ცესკოს კანდიდატებზე კრიტიკას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს

პუბლიკა

სპეციალურმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნი კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტი თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, კომისიის მოქმედი თანამშრომელია. ძირითადად, ამ მიზეზით კანდიდატებს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა არ აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ კალანდარიშვილი და სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ამომრჩევლის ნდობის კრიზისს ვერ მოაგვარებენ.

„ქართული ოცნება“ კი კანდიდატების შეფასების ნაცვლად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს.

„როგორც ჩანს, მათ [არასამთავრბოებმა] ხმის მიცემის წესი შეათანხმეს და [ცესკოს წევრობის] მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომელიც მათივე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო. ეს არა თუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სამოქალაქო სექტორს კოორდინირებულ ქცევაში სდებს ბრალს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, არასამთავრობო სექტორის გეგმა ის იყო, რომ ცესკო არ დაკომპლექტებულიყო.

„არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვესმოდა, რომ კომისიას შესაძლოა, კანდიდატები საერთოდ ვერ შეერჩია, რაც მოქმედი კანონით იმას ნიშნავს, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ვერ შეირჩეოდა, პირველი აგვისტოდან ცესკოს პარტიული ნაწილი დაკომპლექტდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვეყოლებოდა ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები.

„დემონაზაცია არის მათი ხელობა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, დაიწყონ ბულინგი და დემონიზაცია“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის სანდო მხოლოდ მათი წარმომადგენელი, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანი იქნება.

„ერთი არგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს დამაჯერებელი, რომ ჟვანია რაიმეში იყო დამნაშავე, ახლა კალანდარიშვილი არ იქნებოდა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ დაიწყებოდა ბულინგი“, – ამბობს ქადაგიშვილი.

დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ კანდიდატებს არ იცნობს და საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დაწყებისას ჩაერთვება პროცესში.

ისიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციას პარლამენტში ინიცირებული არც ერთი ინიციატივა არ მოსწონს, რასაც მათ კომპლექსსა და ამომრჩევლის დაკარგვის საშიშროებას აწერს.

„ეს მათი პრობლემაა, მათი არჩევანია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, პარლამენტში იქნებიან ეს კანდიდატები წარმოდგენილი, გაივლიან ყველა პროცედურას და შეირჩევა ღირსეული. რაც შეეხება 2/3-ით არჩევას, როდესაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ვერ მოხერხდება 2/3-ით არჩევა, შემდეგ ჩაირთვება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა აირჩევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ასე რომ, აქ ყველაფერი რიგზეა.

ადგილობრივ არჩევნებს შევხვდებით უფრო ღია, გამჭვირვალე და ყველასთვის მისაღები საარჩევნო გარემოთი, კომისიების დაკომპლექტებით და კომისიის ღირსეული თავმჯდომარით“, – აცხადებს ზარქუა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ  ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პრეტენზიების მიუხედავად თამარ ჟვანია მართალი აღმოჩნდა და პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმულაში ყოფილა.

„რეალობა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით იყო დაცული და ყველას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებად კომისიის აპარატის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი – შეარჩია. კანდიდატებმა ვერ მოიპოვეს არასამთავრობო ირგანიზაციების წევრთა მხარდაჭერა.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად შეირჩნენ: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და 3 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის კანდიდატურაზე ხუთი წლით დასამტკიცებლად მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

გაეცანით თავმჯდომარეობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.