ცესკოს ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ

პუბლიკა

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ მათი სურვილი იყო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, რადგან პრეზიდენტს გამორჩეული ფუნქცია აქვს და მას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, „თუ როგორ მოვიდა ცესკო აქამდე“.

„ჩვენ, ვინც ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციას შიგნიდან, ეს ჩვენი ხედვა გავაცანით საქართველოს პრეზიდენტს. აქ საუბარი არაა მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე და პრინციპულად არასწორია საკითხის ასე წარმოჩენა, თითქოს ერთი, ორი და ათი მტკიცებულება გაყალბების შევაგროვოთ და რაღაც რაოდენობაზე ვისაუბროთ. რაოდენობაზე აპელირებს „ქართული ოცნება“, რომელიც ამბობს, რომ უფრო ცოტა საჩივარია დაწერილი, სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს სპეცოპერაციასთან, სისტემურ მიტაცებასთან ქართველი ამომრჩევლის ხმისა. სამართლებრივად აქ უკვე არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩატარებულად გამოცხადდეს 26 ოქტომბრის არჩევნები“, – თქვა სიორიძემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილს სიღრმისეული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და შეთანხმდნენ, რას ელის ის ოპოზიციონერი წევრებისგან.

„პრეზიდენტი დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა, არჩევნების დღეს და მას შემდეგ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციაში ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიების წევრების მუშაობასთან დაკავშირებით. ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჩართული არცერთ ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას. თავად ისიც ფიქრობს, რომ ჩვენი როლი იყო აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენგან ხდებოდა ინფორმაციის გამოტანა, თუ რას გეგმავდა ადმინისტრაცია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეები საარჩევნო პროცესში და ვაპირებთ მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა ფორმატებშიც, შემდეგი ფორმატიც სამომავლოდ გვაქვს უკვე დაგეგმილი“, – თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა, ანა კობახიძემ.