ცესკო „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) პასუხობს და აცხადებს, რომ „არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში”.
საუბარია ISFED-ის დაკვირვებაზე, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.
ცესკო აღნიშნავს, რომ „სამართლიანობისთვის კარგი იქნეოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო”.
„თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და ცხადად მიუთითებს მის დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია.
ამ შემთხვევაშიც, ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში.
სამართლიანობისთვის კარგი იქნეოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო.
ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.
ამასთან, ნათელი ხდება, რატომ არ მოაწერა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვება საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და იმოქმედოს მაღალი ეთიკური პრინციპების დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.
ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.
როგორც „სამართლიანი არჩევნები” წერს, გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ.
კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა.
აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა – დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს.
ISFED-ის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე საეჭვო და ყალბი ანგარიშების მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმართული არაავთენტური ქმედებები საინფორმაციო სივრცისთვის პრობლემურია.