„საქმის განმხილველი მოსამართლე ბატონი ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის მპგ-ის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შემომწირველი. ბატონი ვლადიმერ ხუჭუას მეღულე, ელზა გურგენიძე გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს, ბატონ ვლადიმერ ხუჭუას მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი“.
საჩივარში ნათქვამია, რომ „საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა“, საოლქო საარჩევნო კომისიები კი აღნიშნავენ, რომ არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ვერ იქნება კანონიერი და ვერ გამოდგება საქმეში გამოსაყენებლად, როგორც კანონიერი მტკიცებულება.
„საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი“, – წერია სააპელაციო საჩივარში.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში განიხილავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ჩემი ხმის“ საჩივრებს.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია მოითხოვდა წალკისა და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. საიას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუჭუას გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.