ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაცია, პირბადე საარჩევნო შეხვედრებზე - მთავრობა „კოვიდუსაფრთხო არჩევნების“ ჩატარებას გეგმავს

პუბლიკა

უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადების ბეჭდურ ვერსიას მთავრობის პრესოფისი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდუსაფრთხო არჩევნები.

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ.

ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან. სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მან.

პრემიერმა მერობის კანდიდატებს და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე.