საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი და 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს. ის საარჩევნო კომისიას, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 6 თვით უხელმძღვანელებს.
ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე აირჩიეს გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
კანონმდებლობის მიხედვით, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.